იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ლელა თოლორდავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს:
"ბატონო გიორგი, ამ წერილს იტალიაში , ტოსკანაში, პიზასთან ახლოს, ერთ პატარა სოფელ ფორკოლში ჩელაიების ოჯახის ბადანტე (მომვლელი), პროფესიით ჟურნალისტი ლელა თოლორდავა გწერთ.
საღამოს ტელევიზიით იტალიის პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 მარტამდე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა, ერთი თვით შეაჩერეს ყველა სახის ღონისძიებები. მოუწოდებენ მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხანდაზმულებს სთხოვენ სახლში დარჩენას. უმჯობესია, ყველანი დავრჩეთ სახლში, ასე მეტად დაცული ვიქნებითო - გამომიცხადა ბებოს ქალიშვილმა.
ბატონო გიორგი, იცით რა ნერვების ფასად მიჯდება 24 საათიანი სამუშაო?! მით უფრო, მთელი ცხოვრება ისეთი სამსახურები მქონდა, უმეტეს წილად ქუჩაში ყოფნა მიწევდა. ახლა სახლში რომ ვუზივარ ბებოს, პატიმარი მგონია თავი. იმის გათავისება , რომ მხოლოდ 2 საათი შემიძლია სახლიდან გასვლა, დღემდე მიჭირდა. ახლა, ის ორი საათიც სანატრელი მიხდება.
გავჯინიანდე და გავიდე, ვაი თუ ხიფათი შემომეყაროს გზაზე და ჩემი დაუდევრობით სიცოცხლე მოვუსწრაფო ჩემს მოხუცს. სტატისტიკით დამტკიცებულია, რომ 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს, ვისაც ესა თუ ის დაავადება აწუხებს, კორონავირუსის მსხვერპლნი ხდებიან.
თითქოს ის განსაცდელი არ გვეყოფოდა, რაც გვადგა, სამშობლოდან, ოჯახებიდან შორს ყოფნა, შვილების მონატრებაში თეთრად გათენებული ღამეები. ახლა კორონა ვირუსიც დაემატა. ხმას არ ამოვიღებდი, მარტო მე რომ ვიდგე ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ ჩემს დღეშია ათიათასობით საქართველოს მოქალაქე. არ დავიწყებ იმაზე საუბარს , რა მდგომარეობამ მოგვიყვანა აქამდე. ახლა სხვა საკითხის განმარტებას მოვითხოვ თქვენგან.
შორიდან, როგორც ვახერხებ, თვალს ვადევნებ საქართველიში მიმდინარე პროცესებს, კონკრეტულ შემთხვევაში, კორონა ვირუსის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ჩემი დაკვირვებით, ქართული საზოგადოება კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, იტალიას ერთადერთ საფრთხედ მიიჩნევს. რამეთუ, აქ ბევრი ქართველი ემიგრანტია, ასევე იაფი ფრენების დამსახურებით, მაღალია ტურისტების რიცხვი.
იტალიის ხელისუფლება სრულ მზადყოფნას აცხადებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებაც მზადაა დაიცვას მოსახლეობა, მაგრამ ვინ დაგვიცავს ჩვენ, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს?! მით უფრო, როცა იტალიის ხელისუფლებამ ჩვენი არსებობაც კი არ იცის ოფიციალურად.
საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებად მოვიაზრებით და შინ დაბრუნების შემთხვევაში, ჯარიმითაც გვემუქრება. ბატონო გიორგი, კორონავირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?!
გთხოვთ, განგვიმარტოთ, იღებს ვინმე ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუ მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!"