
ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ რუსეთიდან ექსტრადირებული ქართველი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის საქმის განხილვა დაიწყო. ესპანეთის პროკურატურა ონიანს დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავება და ირწმუნება, რომ ბრალდებული „კანონიერი ქურდების ქუთაისური კლანის კრიმინალური გენერალია“.
ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორმა ხოსე გრანდავმა სასამართლო მოსმენის დროს განაცხადა, რომ ონიანი გახლავთ „კანონიერი ქურდი“, რომელიც მიკუთვნებულია „ქუთაისის“ დანაშაულებრივ ორგანიზაციისა. ამის საპასუხოდ, ტარიელ ონიანმა განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდობა და კრიმინალურ იერარქიაში მისი მაღალი სტატუსი მხოლოდ ლეგენდაა“. მისი ონიანის ვერსიით, ტერმინი - „კანონიერი ქურდი“ ბოლშევიკების დროს გაჩნდა და იგი ეხება კრიმინალებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს იმპერიის დამხობაში.
„მას შემდეგ, რაც სტალინმა მიაღწია მიზანს და მოახერხა ცარისტული რეჟიმის დასრულება, ამ ინსტიტუტმა (კანონიერი ქურდების ინსტიტუტი) დაკარგა თავისი მნიშვნელობა“, - თქვა ონიანმა სასამართლო მოსმენაზე.
იმ დროის შემდეგ არცერთი „კანონიერი ქურდი“ არ არსებობს და არც პირადად ის მიაკუთვნებს თავს „კანონიერ ქურდებს“.
გარდა ამისა, ონიანი გამოეხმაურა პროკურატურის ბრალდებას, რომ ის „ქუთაისის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების კრიმინალური გენერალია“. ონიანმა აღნიშნა, რომ მას საქართველოში პატივს სცემენ და გენერლად მოიხსენიებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ომის დროს თანამოქალაქეებით დაკომპლექტებულ გასამხედროებულ დანაყოფში გენერლად ითვლებოდა.
„თავს უმწეოდ ვგრძნობ. არ ვიცი, როგორ დავამტკიცო, რომ ასეთი ორგანიზაცია - „ქუთაისის დანაშაულებრივი დაჯგუფება“ - არ არსებობს. მე არ ჩამიდენია რაიმე დანაშაული, მე არ ვარ დამნაშავე არაფერში და გთხოვთ, რომ ყველა ბრალდება მომიხსნათ, რასაც ისინი (პროკურატურა) მედავებიან“, - მიმართა ტარიელ ონიანმა მოსამართლეს.
პრაიმტაიმი