
კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს A ტიპის ვირუსი დაუდგინდა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს,- ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, იაშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ ჰყავთ.
„ამ ეტაპზე, იაშვილის კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც არ დაუდგინდა კორონავირუსი. დაფიქსირდა A ტიპის ვირუსი. ეს პაციენტი ახლა წევს და იღებს მკურნალობას როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვი. რჩება ჯერჯერობით იაშვილის კლინიკაში", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ექიმის განცხადებით, კლინიკა სრულად ითვალისწინებს არსებულ რეკომენდაციებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.