
სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტის, იოვანე მჭედლიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ზიარების წესი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ შეცვლილა და ეს არც წარსულში, უფრო საშიში ეპიდემიების გავრცელების დროს მომხდარა.
„რუმინეთის ეკლესიაზე იყო საუბარი და ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა შინაარსის იყო რუმინეთის მღვდელმთავრის მოწოდება. დაახლოებით ნახევარი მილიარდი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყანაში და მსგავსი რამ არსად უთქვამთ, ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ. მითუმეტეს, რომ ამ 2000 წლის განმავლობაში უამრავი ეპიდემია მომხდარა, მაგრამ არაფერი შეუცვლია ეკლესიას. ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ასეთი ფაქტი არ მომხდარა არასოდეს და არც მოხდება ღვთის წყალობით", - განაცხადა არქიმანდრიტმა.
კორონავირუსის გავრცელების ფონზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რასაც საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, „ისტორიულად, ეპიდემიის გავრცელების პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს".