
(რეზონანსი) კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებუთ გამოძიება სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.
„კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.