
მადონა ბეგიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს გუდაურში მოკლული 28 წლის თამაზ გორთამაშვილის ფოტოებს და შემდეგ მიმართვას აქვეყნებს:
“იცით ვინ იყო თაზო? გეტყვით: ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მშვიდი, ყველაზე თბილი და ყველაზე მაგარი ადამიანი.
8 თვის იყო რომ დაობლდა. 25 წლის დაქვრივებულმა დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და დაადგა ცხოვრების ეკლიან გზას სამ შვილთან ერთად.
ვინ მოსთვლის რამდენ სირთულეს წააწყდა მაგრამ არ დანებდა, სამივე ბიჭი მაგარ ვაჟკაცებად გაზარდა. მაგრამ, ალბათ, აღზრდაში დაუშვა შეცდომა, მათთვის საკუთარზე მეტად სხვისი სიყვარული უსწავლებია…
მაგარი დედაა, გმირი შვილი გაზარდა, აი ისეთი შვილი მკვდარიც რომ გეამაყება ადამიანს… და შენ მკვლელოო მარტო თაზოს ცოდვა კი არა, მისი გაუხარელი დედის, მისი ორი ფრთამოტეხილი ძმის, ძმიშვილების, რომლებიც თაზოს დანახვისთანავე მერცხლებივით მხრებზე რომ შემოასხდებოდნენ, უდიდესი სანათეოსაოსი, ზღვა სამეგობროსი და მთელი საქართველოს ცრემლი გადევთ ზურგზე".