
(რეზონანსი) ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ვანო მერაბიშვილს, აერია რამდენი წელი იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ საპატიმროში 9 წელი და 6 თვე იჯდა.
„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი საკუთარი თავის წინაშე", - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.
რეალურად კი, იგი 2013 წელს დააკავეს და სასაჯელს 6 წელი და 9 თვე იხდიდა.
საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება:
1."აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე;
2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი;
3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე;
4. მითვისება-გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი;
5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.