
მოსკოვში, მამის რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვისას გარდაცვლილ 20 წლის ანა ენგიბარიანს სამტრედიაში დაკრძალეს. მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი. ოჯახის ახლობლების ცნობით, ანას ანევრიზმა გაუსკდა.
გოგონა რამდენიმე თვის წინათაც გახდა ცუდად, თუმცა მაშინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ანევრიზმა არ დააფიქსირა.
„ენგიბარიანების ოჯახი დაახლოებით 15 წელია მოსკოვში ცხოვრობენ. მშობლიურ სამტრედიაში ხშირად ჩამოდიოდნენ. ანას მამას, გარიკა ენგიბარიანს მოსკოვში რესტორანი აქვს. ანას დაბადების დღე სწორედ თავის რესტორანში გადაუხადა, როგორც აღმოჩნდა - უკანანსკნელად. ყველა მეგობარი და ახლობელი მოიწვიეს... როგორც გავიგე, რამდენიმე თვის წინ გამხდარა ცუდად, მაგრამ გამოკვლევამ არაფერი აჩვენა, თორემ არაფერს დააკლებდნენ, ნებისმიერ ქვეყანაში გაუშვებდნენ სამკურნალოდ. თურმე ტვინში ანევრიზმა ჰქონია და როგორც ითქვა, გაუსკდა“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ტრაგედიის დღეს, 14 თებერვალს ანა 20 წლის გახდა. წინა დღეს, 13 თებერვალს ანას უმცროსი ძმის, გიორგის დაბადების დღე იყო. გარდაცვლილს კიდევ ჰყავს უფროსი ძმა, ვალერი.
პრაიმტაიმი

