
მრავალშვილიანი დედა ნინო ვარდიაშვილი საზოგადოებას თანადგომასა და დახმარებას სთხოვს. მას უახლოეს პერიოდში ხუთ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. მრავალსულიანი ოჯახი ამჟამად ლაგოდეხის რაიონში, სოფელ თელაში, ნათესავის სახლში ცხოვრობს.
"15 წლის ვიყავი რომ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე 20-ის იყო, ისიც ლაგოდეხელია. მამამთილმა თავიდნავე ამომიჩემა და ძალადობის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ერთი წელი ვიცხოვრე დედამთილ-მამამთილის სახლში და გაუსაძლისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ ჩემს შვილთან ერთად იქაურობა დავტოვე და დედაჩემთან წავედი.
მამათილი ჩემს დედამთილს სცემდა ხოლმე და მე რომ გამოვესარჩლებოდი ჩემზეც იწევდა ხელით. თავიდან ჩემი მეუღლე არ წამოვიდა სახლიდან, მაგრამ ერთი წლის შემედგ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ცხოვრება უნდოდა და მოგვაკითხა. მას შემდეგ 18 წელია ფაქტობრივად მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით მე, ჩემი მეუღლე და შვილები. ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად. ზოგჯერ ქირით, ზოგჯერაც სამადლოდ ახლობლის ან ნათესავის სახლ-კარს ვიყავით შეფარებულები.

ახლაც ჩვენი ნათესავის სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ოჯახის შექმნას აპირებს და დიდი მორიდებით გვთხოვა, რომ დავცალოთ აქაურობა, რადგან რემონტის გაკეთებას იწყებს მალე. არ ვიცით სად წავიდეთ ჩვენი ხუთი შვილით. ღია ცის ქვეშ ვრჩებით. ლაგოდეხის მერიას არაერთხელ წერილობით მივმართე, რამდენჯერმე ვიყავი შესული პირადად მერთან, ბატონ ჯონდოსთან, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მივიღეთ. ჩვენ აშენებულ და კეთილმოწყობილ სახლს კი არ ვითხოვთ. მთელი ლაგოდეხი გამოუყენებელ, თავისუფალ მიწის ნაკვეთებს მიაქვს... ვითხოვეთ, გამოგვიყავით პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც მოვახერხებთ როგორმე და ჩავდგამთ ოროთახიან ქოხს. თავი რომ შევაფაროთ, ღია ცის ქვეშ არ მოგვიწიოს ცხოვრება და ჭერი გვქონდეს. ნუთუ შეუძლებელია, რომ პატარა მიწის ნაკვეთი გამოინახოს ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახისთვის?" - გვეუბნება ნინო ვარდიაშვილი.
მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი თამარი 17 წლის არის. მას თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა და გულის მანკი აქვს. გოგონა დამოუკიდებლად ვერც დაჯდომას ახერხებს და ვერც - კვებას.
"ჩემს უკან ჩემი შვილები დგანან და ჩვენ ღია ცის ქვეშ ვრჩებით. თუ ვინმეს შეუძლია და დაგვეხმარება, მუდამ მათ ლოცვაში ვიქნებით" - ამბობს მრავალშვილიანი დედა.
AMBEBI.GE