
ახალშობილის გაყიდვის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა მასთან კონსულტაციაზე მისულ ახალგაზრდა ქალს ირმა მაისურაძეს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა.
ადვოკატის ინფორმაციით, 31 იანვარს ირმა მაისურაძე სხვა გინეკოლოგმა, კერძოდ გოჩა გელაშვილმა ამშობიარა. ჯავახაძის განცხადებით, საქმეში გინეკოლოგების გარდა, ჩართული იყო კიდევ ოთხი ქალი: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე.
აღნიშნულ საქმეში ადვოკატი ლევან ჯავახაძე ერთ-ერთი შუამავლის ლაირა გრიგოლიას ინტერესებს იცავს.
„ვინმე მეან-გინეკოლოგთან ბესარიონ ღარიბაშვილთან კონსულტაციაზე მივიდა ირმა მაისურაძე, რომელსაც აბორტის გაკეთება უნდოდა. როგორც ბრალის დადგენილებაში წერია, ბესარიონ ღარიბაშვილმა მას აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილება შესთავაზა. დაითანხმა ეს გოგონა ამაზე, რის შემდეგაც ორსულობა გაგრძელდა ჩვეულებრივად. 31 იანვარს გოგონა სხვა გინეკოლოგმა, გოჩა გელაშვილმა, ამშობიარა. ამის შემდეგ, ახალნამშობიარები გოგო საავადმყოფოდან გაწერეს, როგორც თინათინ ჩხეიძე და არა როგორც ირმა მაისურაძე.
ამ ერთგვარ გარიგებაში ჩართული იყვნენ ქალბატონებიც: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე. მზია უგრეხელიძის მხრიდან „მყიდველების" მოძიება მოხდა, რომლებიც, როგორც ირკვევა ჩანერგილი აგენტები არიან. ახალშობილი გადასცეს ამ ვითომ მყიდველებს, ხოლო 6 თებერვალს ყველა მოქმედი პირი დააკავეს," - განაცხადა ლევან ჯავახაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ბავშვის სანაცვლოდ აღებული კონკრეტული თანხა არ ფიგურირებს. მისივე თქმით, ის, რომ ბრალდებულებმა ახალშობილის სანაცვლოდ 13 ათასი დოლარი მოითხოვეს, ბრალის დადგენილებაში არ წერია.
„არანაირი თანხა არც საქმეში და არც ბრალდებაში არ წერია. ფინანსური ინტერესი იყო, თუმცა კონკრეტული თანხის ოდენობა არსად არ ჩანს. 13 ათასმა დოლარმა საიდან გაიჟღერა, ვერ ვხვდები. იმის მტკიცებულება, რომ დედამ ბავშვის სანაცვლოდ თანხა მიიღო, არ გვაქვს," - აღნიშნა მან.
ადვოკატის თქმით საქმეზე ფარული მიყურადება იმ წამიდან ხორციელდებოდა, როდესაც გარიგება შედგა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"