რეზონანსი
09.02.2020

(რეზონანსი) ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:

„ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძე რომ ჰყავდა გამოკეტილი დილეგში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ალბათ ბევრს გახსოვთ.

ისტორია მეორდება.

უგულავას საქმეზე 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.

9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9-თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9 თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9 თვიანს ამითვლიან.

ასე ვიჯდები სანამ ივანიშვილი იქნება.

ლოგიკური კითხვა ვისაც გაგიჩნდათ, „რა იცი, იქნებ მანამდე მოგისაჯონ?", გეტყვით - გვარამიას, ხაზარაძეს და სხვების საქმეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც კონვეერულად იხილავენ გავრილოვის საქმის ჩემმა მოსამართლემ 29 იანვრის სხდომა ჩაშალა და გამოაცხადა - შვებულებაში გავდივარო. თებერვალში მხოლოდ ერთი პროცესი ჩანიშნა, ისიც იმისთვის, რომ პატიმრობა გამიგრძელოს. ფაქტია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოაქვს, გამამართლებელს ვინ გამოატანინებს და საქმე თაროზე შემოდო ისე, რომ 7 თვე სულ ტყუილად გამომკეტა. რაც შეეხება მეორე საქმეს, 200 მოწმიან საქმეს, აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეაშიც ვერ დაამთავრებენ.

ასე რომ, ველოდები ახალ ბრალს და ახალ 9 თვიანს აგვისტოში. ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ" რამე ახალი, არჩევნების დღეს გარეთ რომ არ ვიყო.

ისტორია მეორდება. ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×