რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) „დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია და თავისი წვლილი შეიტანა ჩემის ძმის სიკვდილში!", - ამის შესახებ განცხადებას, გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე აკეთებს.

„მამა სამი წლის წინ დაგვეღუპა, 25 იანვარს, მამის დაღუპვის დღეს იყო ლუკას ორმოცი. მე უკვე ჯარში ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ლუკა გამაგრდა მაშინ ძალიან, იცოდა, რომ დედასთვის უნდა მიეხედა და ძალიან მაგრად და ძლიერად იდგა", - ამბობს 20 წლის ბექა სირაძე.

კითხვაზე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ბავშვმა მოხატა სკოლის კედლები. ბექა სირაძე პასუხობს, რომ „ისიც არ არის დამტკიცებული, ნამდვილად ლუკა იყო თუ არა. კადრები რაც ვნახეთ, იქ ერთი ჩანს და ისიც ბუნდოვნად, ვერ მოხერხდება იდენტიფიცირება".

„იმ დღეს, როცა პირველად დაიბარეს განყოფილებაში, დედამ დამირეკა, თუმცა, მოკლედ მომიყვა, არ უთქვამს, რომ ამდენი საათი გაგრძელდა დაკითხვა, მხოლოდ ის ვიცოდი, რას ედავებოდნენ და რომ ჩემით დაემუქრნენ. მაშინ დაველაპარაკე ლუკას და ვთხოვე ფეისბუქის პაროლი, მინდოდა მენახა რა მესიჯებზე იყო საუბარი. ლუკა ამბობდა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და მისი მესიჯები არაა, მაგრამ მინდოდა მენახა.

ისეთი არაფერი ეწერა, ერთი იყო, რომ ძაღლებად მოიხსენიებდა პოლიციას, ზუსტად ამაზე იყვნენ აჭრილები, მაგრამ ლუკა ამბობდა, მე არ მიმიწერია არავისთვის ეგ სიტყვები, გამიტეხეს ფეისბუქიო.

მიიყვანა თუ არა დედამ ლუკა პოლიციაში, პირდაპირ გინება დაუწყეს, ვინც ჩვენ ძაღლები დაგვიძახოსო. დედის თვალწინ ხდებოდა ეს. ჩემს ძმას თავი ჰქონდა გადაპარსული და აი, მზად მოსულხარო, მოგწონს ასეთი ცხოვრებაო, იქ ჩაგაყუდებთ, სადაც ასე უნდა გადაგვეპარსა თავიო... არადა, სინამდვილეში ლუკას ჯარისკაცობა სურდა, ამიტომ გადაიპარსა თმები. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მოსწონდა რომ ჯარში ვიყავი და მასაც სურდა. ჩემი ფორმის ჩაცმა უყვარდა ხოლმე. იმ წელს კადეტთა სასწავლებელში სცადა ჩაბარება, ქულები დააკლდა, მაგრამ ისევ აპირებდა ცდას და სწავლასაც უმატა, რომ ისევ ეცადა და ჩაებარებია.

დედა ისმენდა როგორ ემუქრებოდნენ, რომ მე შემიქმნიდნენ პრობლემას და რომ შეეძლოთ ჩემთვის პრობლემა შეექმნათ. როგორც კი გავიგე, უფროსს ვთხოვე, გამოვეშვი, უნდა ჩამოვსულიყავი, თუმცა, ასე სწრაფად და ასე ცუდად თუ განვითარდებოდა მოვლენები, ვინ იფიქრებდა... გადაწყვეტილი მქონდა, ჩამოვსულიყავი, მივსულიყავი პოლიციაში და მეკითხა, როგორ და რატომ შემიქმნიდნენ პრობლემას", - ამბობს ბექა სირაძე

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×