
(რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ქვეყანაში ამ თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია.
როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობს იმისთვის, რომ კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტები შეამოწმონ.
„მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ე.წ. დაბალი რისკის მქონე ქვეყანად ვართ მიჩნეული, რადგან ჩვენთან ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არყოფილა.
ორშაბათიდან უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადგილზე დავსვათ სრულად დიაგნოზი, დავადასტუროთ შემთხვევა და დადასტურებულ განსაზღვრებად ითვლება ის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება და ამის საშუალება არის. დღემდე ქვეყანაში უკვე ჩატარებულია დაახლოებით 12-მდე ლაბორატორიული სხვადასხვა ანალიზი, ასევე ჩვენ გამოვცადეთ ტესტები და ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მარაგი საკმაოდ არის შექმნილი. იცით, რომ ჩვენი პარტნიორი გერმანია დაგვეხმარა, ახლა არის საშუალება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენრტრიდან მივიღოთ, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრებები. ასე, რომ სრული მზადყოფნაა ლაბორატორიული თვალსაზრისით", - განაცხადა გამყრელიძემ.