
(რეზონანსი) აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე ბათუმის მერიასთან დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ „თავებს დაუტეხს" თუ ვინმე მისთვის „სირცხვილის კორიდორის" მოწყობას გადაწყვეტს.
„დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას, საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი... დედის საფლავს გეფიცები, „სირცხვილის კორიდორი", არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს. არ ვცხოვრობ ისე, რომ ეგ მაკადროთ!!! მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ",- წერს ფეისბუქზე დეპუტატი.
დღეს, 6 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" და მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა ბათუმის მერიის წინ დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს. აქციას შეუერთდნენ ენმ-ის წევრებიც.
მერიის შენობაში აჭარის უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა. აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ დღეიდან საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ჩაშლას შეეცდებიან შენობის პიკეტირებით, ვიდრე ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება.