რეზონანსი
05.02.2020

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი ირაკლი შოთაძის სავარაუდოდ მთავარ პროკურორად დაბრუნებაზე საუბრობს. მისი თქმით შოთაძეს აქვს კანონით უფლება მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ მორალურად და ზნეობრივად ეს არასწორი იქნება.

გელბახიანი იხსენებს ისტორიას რომელიც ირაკლი შოთაძეს ეხება.

"ერთი ისტორია მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომელიც ირაკლი შოთაძეს ეხება. გეხსომებათ ეს გახმაურებული საქმე, „თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გია გვიჩიანს, როგორც მისი მკვლელობის შემკვეთს, ხოლო მკვლელობის შემსრულებელს, ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა საქალაქო სასამართლომ, სააპელაციო სასამართლომ კი ორივეს 15 წლიანი მსჯავრით შეუცვალა უვადო პატიმრობა. ამ საქმის პროკურორი იყო ირაკლი შოთაძე. მიუხედავად საქმეში არსებული ბევრი უზუსტობისა, რომლებიც მათ უდანაშაულობაზე მეტყველებდა, უზენაესმა სასამართლომაც ეს განაჩენი დატოვა ძალაში. მაშინ ადვოკატი ვიყავი. გია გვიჩიანმა ციხიდან მთხოვა, გაეცანი ჩემს საქმეს, კი, ვიცი, არავინ გამამართლებს, ამის პერსპექტივა არ არსებობს, მაგრამ მაინც მინდა საქმე ნახოთ და დარწმუნდეთ, რომ უდანაშაულო ვარო. გავეცანი საქმის მასალებს, ვნახე იქ რამდენიმე ისეთი საქმე, რომლებიც ხელახლა ითხოვდნენ გადამოწმებას. დავაყენე ექსპერტიზის წინაშე საკითხი. ექსპერტიზამ დაადასტურა ჩემი ვარაუდები, აღმოჩნდა, რომ საქმეში რაც მტკიცებულებები იყო, იარაღის ტიპთან, გასროლის კუთხესთან, შედეგთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ცვლიდა რეალობას, აბსოლუტურად გაყალბებული იყო ეს საქმე. საქმეში მაყუჩიანი იარაღი საერთოდ არ იდო, არადა, მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით მოხდაო, პროკურატურამ და სასამართლომ გადაწყვიტეს. დავწერე შუამდგომლობა მთავარი პროკურორის სახელზე. ადამიანი უდანაშაულოა, როდესაც მტკიცებულებები არ არსებობს.

ამ დროს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა. დამიბარა, შევხვდი. მითხრა, წავიკითხე შენი შუამდგომლობა, ძალიან დამაინტერესა და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ამ საქმის პროკურორი და ახლაც მიმაჩნია, რომ გია გვიჩიანი დამნაშავეა, ამ ახალმა მტკიცებულებებმა ეს აზრი ცოტა შემიცვალა, პოზიცია შემირყიაო. ახლა ვფიქრობ, ხომ არ შევცდი მაშინო. ახლავე დავავალებ საგამოძიები ნაწილს, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ ეს მომენტები, დავნიშნოთ კომპლექსური ექსპერტიზა და ამის შემდეგ მექნება საბოლოო პოზიციაო. ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა, რამაც დაამტკიცა გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას უდანაშაულობა. ზუსტად 6 თვის თავზე, ჩვენი შეხვედრიდან, ირაკლი შოთაძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გვიჩიანის უდანაშაულოდ ცნობა. გვიჩიანი 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და ცხადია, გაათავისუფლეს ჩემიაც, რადგან თუ არც ერთი იყო მკვლელობის შემკვეთი და არც მეორე მკვლელობის შემსრულებელი.

კი, უდანაშულო ადამიანები 11 წელი ციხეში ისხდნენ და ამას ვერ გაექცევა შოთაძე, მაგრამ მეორეს მხრივ, მან ის გააკეთა, რაც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არავის უქნია. მის მიერვე წაყენებული ბრალის გაუქმება თავადვე მოითხოვა პროკურორმა მას შემდეგ, რაც ეს ბრალი კანონიერად სცნო სასამართლოს სამივე ინსტანციამ. თან ეს მთავარი პროკურორის რანგში გააკეთა. აღიარა შეცდომა და ამით საკუთარ თავს დაარტყა. საკუთარი კი არა, სხვის მიერ წაყენებული ბრალის გაუქმებას ვერ ბედავენ პროკურორები. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ჩვენს პროკურატურაში და ამის გაკეთებას ვაჟკაცობა და მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ამგვარი რაღაცები, არაორდინალური ქმედებები მას ახასიათებს. მან თუ ჩათვალა, რომ მისმა გადადგომამ არ უშველა სარალიძის საქმის გამოძიებას, არ გამოსწორდა, იგივენაირად, ტენდენციურად თუ ხარვეზებით გაგრძელდა გამოძიება, მისი პირადი ფაქტორით არ იყო გამოწვეული ის შეცდომები თუ უზუსტობები, რაც სარალიძის საქმეშია დაშვებული. შესაბამისად, ადგა და ახლა გადაწყვიტა უკან დაბრუნება, რადგან ამ საქმეში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თუმცა, ვიმეორებ, რომ მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის სწორი ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად დაბრუნება."

წყარო: "ალია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×