
ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს. დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა?
ამ მოსაზრებას მყარი მეცნიერული დასაბუთება სულაც არ აქვს. დიდი სამედიცინო დაწესებულებები ადამიანებს ნიღბის ტარებას არ ურჩევენ, თუ ეს უკანასკნელნი საავადმყოფოებში ან პოლიკლინიკებში არ მუშაობენ. ეს იმით აიხსნება, რომ ამ მეთოდის ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის და თეორიულადაც ძალიან საეჭვოა, ნიღაბი კორონავირუსისგან გვიცავდეს. სპეციალისტების განმარტებით, მას არაერთი ნაკლი აქვს:
- სამედიცინო ნიღაბი თვალებს ვერ ფარავს. შესაბამისად, ვირუსისთვის, მისი გადაცემის ყველაზე მოსახერხებელი გზიდან ერთ-ერთი, ხელმისაწვდომი რჩება.
- ნიღაბი ცხვირსა და პირს მჭიდროდ არ ეკვრის.
- სამედიცინო ნიღბებს აქვს ერთგვარი ფორები, რომლებშიც მცირე ნაწილაკები მაინც აღწევენ. თუმცა თუ თქვენ წინ მდგომმა ადამიანმა დააცემინა, რაღაც დროით ნიღაბი ბაქტერიებს შეაჩერებს.
- სამედიცინო ნიღბის სწორად ტარება არც ისე მოსახერხებელია, რასაც მისი შესაძლო სარგებელი მინიმუმამდე დაჰყავს.
სამედიცინო ნიღბის ტარება რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ხველებითა და ცემინებით ვირუსების ან ბაქტერიების გავრცელება შეუძლიათ.
დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს საკმაოდ მარტივ და უნივერსალურ წესებს, რომლებსაც ადამიანის დაცვა ბევრი ვირუსისგან შეუძლიათ:
- სწორად და რეგულარულად დაიბანეთ ხელები. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი, სულ ცოტა, 20 წამს უნდა გაგრძელდეს. ხელები უნდა დაიბანოთ საპნით, თანაც გულდასმით, ხელის ყველა უბანი უნდა მოიცვათ, შემდეგ კი გაიმშრალოთ. საპნის ნაცვლად ანტისეპტიკური გელის გამოყენებაც შეგიძლიათ.
- დაუბანელი ხელით არ შეეხოთ სახეს, განსაკუთრებით კი - ცხვირს, პირსა და თვალებს.
- არ მიუახლოვდეთ ადამიანებს, რომლებიც ახველებენ ან აცემინებენ, ასევე მათ, ვისაც მაღალი სიცხე აქვთ.
- ხორცი და კვერცხი შესაბამის ტემპერატურაზე მოამზადეთ.