
(რეზონანსი) გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოზე მოსმენისას დაადასტურა, რომ სოლოლაკის ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა:
„მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მე ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. დაემთხვა ისე, რომ როდესაც შეხვედრა უნდა გვქონოდა ბიძინა ივანიშვილთან, აღმოვჩნდი იქ. იმ შეხვედრაზე რომ მომხდარიყო რამე ისეთი ფაქტი, რასაც უხერხულად მივიჩნევდი და ჩემი იქ ყოფნა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, დავტოვებდი ამ შეხვედრას. საუბარი მიმდინარეობდა მეგობრულ, მშვიდ გარემოში. ლაპარაკი იყო სამოქალაქო ბიზნესდავაზე ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისი თქმით, ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე რომ შემთხვევით მოხვდა, ამ ფაქტს მამუკა ხაზარაძეც ადასტურებს. „ეს დასტურდება მამუკა ხაზარაძის მონათხრობიდანაც. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმაც არ ამომიღია. არავისზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. არავინ მიწამებია არაადამინურად. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და ვიყავი პირად საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო კერძო შეხვედრა პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, მე შეხვედრას არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი", - განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, ეს პროექტი პირდაპირ არ იყო კავშირში პროკურატურასთან. „საკითხი იყო დაკავშირებული იურიდიულ განათლებასთან, რაც მართლმსაჯულების სისტემაში გარკვეული სასწავლო კურსების შემოღებას ეხებოდა. საუბარი იყო ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე, რადგან ბიძინა ივანიშვილი ხშირად აფინანსებს საგანმანათლებლო პროექტებს. მზად ვარ, მსგავს პროექტებზე ნებისმიერ კერძო პირს შევხვდე და ვისაუბრო", - განაცხადა შოთაძემ.