რეზონანსი
04.02.2020

საქართველოს პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას უბრუნდება. კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულე სესიის პირველ კვირაში იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმობის აღების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

ამავდროულად, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM", რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2" ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

დადგენილების მიხედვით, იცვლება თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა ნაცვლად 30 დღისა იგი 1 წლით განისაზღვრება. რაც იმას ნიშნავს რომ, წარმატებით ჩაბარებული თეორიული გამოცდის შემდეგ, მოქალაქეს 1 წელი ექნება იმისთვის, რომ ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპი

ასევე „A1" ქვეკატეგორიის და „B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×