
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ უშოლთაში მცხოვრებ მიშო დაუშვილს ესტუმრა, საჩუქრად ელექტროხერხი, ასევე სათიბელა გადასცა და მხარდაჭერას დაპირდა.
მუნიციპალიტეტის მერს ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მიაწოდეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მას საქონლის გამოსაზამთრებლად აქამდე ბალახის თიბვა ხელით უწევდა.
მიშო დაუშვილმა მერს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ცნობილია, 25 წლის მიშო დაუშვილი წელიწადნახევარზე მეტია, სოფელ უშოლთაში, უშოლთას უბანში მარტო ცხოვრობს. თბილისში სკოლის დამთავრების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ რაჭაში, ბებია-ბაბუის სოფელში გადასახლებულიყო და მესაქონლეობა დაეწყო. ახლა მას უკვე 15 სული ძროხა ჰყავს.
წყარო: "პრაიმტაიმი"