
(რეზონანსი) მკვლელობა ბოლნისის სოფელ სამწვერისში - ადგილობრივებს მოკლულია 70 წლამდე მამაკაცის მკვლელობის მოტივსა და ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა როგორც აღნიშნავენ, ეჭვი ერთ-ერთ ადგილობრივზე აქვთ.
სწორედ სავარაუდო დამნაშავის სახლთან, ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული.
სავარაუდო ეჭვმიტანილის ოჯახის წევრი ადასტურებს, რომ მისი შვილიშვილი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა დაახლოებით საათნახევრის წინ პოლიციაში გადაიყვანეს.
"პოლიცია მოვიდა და ჩემი შვილიშვილი წაიყვანეს. სავარაუდოდ, აქ რაღაც მკვლელობა მოხდა, თუმცა რა კავშირი აქვს ჩემს შვილს ამ საქმესთან არ ვიცი," - აცხადებს დაკავებულის ბებია "კურიერთან".
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხმა არ გაუგიათ. მეზობლებმა 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამთენიისას დილის 9 საათზე იპოვეს.
"ჩვენ დილით გავიგეთ ეს ამბავი. გარდაცვლილი აქ საკუთარ ცოლთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ცოლი ამჟამად სახლში არ იმყოფება. რა გახდა მკვლელობის მიზეზი გაურკვეველია," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან".
მეზობელი, რომლის სახლთანაც ცხედარი აღმოაჩინეს, ამბობს, რომ გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა დანაშაულის იარაღიც ამოიღეს, რომელიც უკვე საქმის მასალებში დევს.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება გარდაცვლილის მეუღლეც, ის სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.