რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) თურქეთში, ქალაქ კაიზერში ქართველი ქალი, ირმა კრავეიშვილი მოკლეს. როგორც თურქული პრესა იუწყება, შემთხვევა გამთენიას, 4 საათზე მოხდა, როცა ღამის კლუბში მომუშავე 3 ქალბატონი სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლებში წასვლას აპირებდა.

მართალია დაჭრილები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ირმა კრავეიშვილის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მასთან ერთად დაშავებული 28 და 37 წლის ქალბატონები კი გადაარჩინეს, ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 28 წლის თურქი მამაკაცი უკვე დააკავა. რა იყო მკვლელობის მოტივი, ამაზე პრესა ჯერჯერობით არაფერს წერს. უკვე გამოქვეყნდა იმ ავტომანქანის კადრები, რომელშიც დაშავებულები ისხდნენ, მანქანას რამდენიმე ნატყვიარი ეტყობა.

როგორც სოციალურ ქსელში მოკლული ქალის ახლობლები ამბობენ, ირმა ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. ეს თავდასხმა სხვა პირების მისამართით განხორციელდა და რადგან ის მანქანაში იჯდა, შეეწირა.

ერთი ვერსიით, ირმა იმ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა. ის წლებია საქართველოდან წასულია სამუშაოდ, პერიოდულად სამშობლოში ჩამოდიოდა. როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველი ქალები ამბობენ, ირმა მათ სამსახურის შოვნაში ხშირად ეხმარებოდა. მას დადებითად ახასიათებენ და გამორიცხავენ, რომ ქალს მტერი ჰყოლოდა.

"ირმა კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ეს საშინელება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ოჯახების რჩენა. როგორც მითხრეს, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, სხვას ესროდნენ და ერთ-ერთი ტყვია ირმას მოხვდა გულში. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ძალიან უბოროტო ადამიანი იყო, რაც არ უნდა პრობლემა ჰქონოდა, სხვას არ აჩვენებდა, მაინც იღიმოდა. არადა, ვინ იცის რამდენ ტკივილს და მონატრებას დაატარებდა გულით. ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. თურქული კარგად იცოდა. სამუშაოდ ჩამოსულ ხალხს დასაქმებაში ეხმარებოდა", - ამბობს მისი მეგობარი.

"ირმა სოციალური ქსელით გავიცანი. ხშირად მქონდა მასთან მიმოწერა, ჩემს ჩანაწერებს კითხულობდა, ბევრჯერ გულიდან წამოსული საუბარი გვქონია. ყველაფერი აინტერესებდა საქართველოში რაც ხდებოდა. ხშირად ამბობდა, არაფერი სჯობია შენს ქვეყანაში ყოფნას, სამშობლოში დაბრუნების იმედით ვცხოვრობო. შორიდან ემიგრანტების ცხოვრება ადვილი ჰგონია ყველას და არავინ იცის რამდენი უჭირთ მათ, რამდენი ტკივილის გადატანა უწევთ. მარტო მაშინ იხსენებენ, როცა რამე ხდება. ისეთი ამბები მოუყოლიათ ემიგრანტ ქალებს ჩემთან, ლამის გული გამჩერებია. ასეთი ცხოვრებაა დღეს, ყველაზე მეტად ეს მტკივა", - განაცხადა ანა ჩუბინიძემ.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×