
თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ქალი მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა ქალაქ კაისერში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ირმა კრავეიშვილთან ერთად მანქანაში 28 და 37 წლის ქალები ისხდნენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სამ ქალზე თავდასხმის მიზეზი.
გარდაცვლილის ახლობლის ინფორმაციით, ირმა კრავეიშვილი თურქეთში ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა. მისი თქმით, თავდასხმა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა.
"ambebi.ge" გარდაცვლილის ნათესავს ესაუბრა:
"შოკშია ყველა, მთელი მისი სანათესაო. ექვსი წელი თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახი არ ჰყავდა. მხოლოდ ერთი და ჰყავს. გაოგნებულია. ვერაფერს ამბობს, მომხდარს ვერაფერს უკავშირებს. ეს იყო განზრახ შეიარაღებული თავდასხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინტერესი უნდა ჰქონოდათ. იმდენად მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, მისი და ეჭვობს, სხვაზე ხომ არ ამზადებდნენ თავდასხმას და ვინმეში ხომ არ აერიათ? სამსახურს მორჩნენ თუ არა, ჩამსხდარან ავტომობილში. თვითონ მძღოლის გვერდით იჯდა. უკან ორი ქალბატონი იჯდა და ისინი კი გადარჩენილან“ - ამბობს მთვარისა თავაძე.