
(რეზონანსი) ცუდად ვარ, იმიტომ, რომ ჩემს სახლში მინდა, ძალიან!, - ამის შესახებ განცხადებას ქართველი მომღერალი კახა აბუაშვილი (კაბუ) აკეთებს.
კაბუ უკვე მეხუთე წელია, რაც საფრანგეთში იმყოფება და ამჟამად, ნიცაში ცხოვრობს. მიუხედავად სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილისა, ქვეყნის დატოვება ჯერ კიდევ არ შეუძლია, სახაზინო ადვოკატი კი საიმედოს ჯერ ვერაფერს ეუბნება.
ქურდობის ბრალდებით, კაბუ საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი". კახა აბუაშვილი ადგილობრივ ციხეში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა.
„უკვე მოვდიოდი, როცა დამიჭირეს. სახლში კი არ ვარ გამოკეტილი და დეპრესიაში კი არ ვარ, დავდივარ კიდეც სადმე, მაგრამ სახლში მინდა, ხომ ხვდები? მუშაობა მინდა. ვერ ვიტყვი, აქ გართობას გადავყევი-მეთქი, ჩემი მიზანი რაც იყო, ის გავაკეთე - ვიმკურნალე. ისიც უნდა ითქვას, რომ მართლა ლამაზია აქაურობა და არც ძალიან ბევრი ფულია საჭირო იმისთვის, რომ რაღაცები დაათვალიერო, მეც ბევრი კარგი რამ ვნახე. ახალგაზრდობასთან შეხება დიდად არ მქონია, მაგრამ რასაც ვუყურებ, გემრიელად ერთობიან. ძალიან ბევრ მოსაწევს ეწევიან, "პახოდუ" ყიდიან. ნარკოტიკების თემაც აქტუალურია, კოკაინი-მოკაინი. არაბებიც ერთობიან ამით.
ცოტა ხანს გარეუბანში ცხოვრებამ მომიწია და მე აქ ისეთი ომები მაქვს ნანახი, "ბარიგებსა" და პოლიციას შორის. გული მწყდება, რომ არ გადავიღე. გაოგნებული დავრჩი, რას უშვრებოდნენ პოლიციას, ეს "მასკიანი" ბავშვები თავზე დაახტნენ, დახოცეს ერთმანეთი ცემაში, ბოლოს, მაინც დაიჭირეს ვიღაცები. იცი, როგორი "ბლატნოი" "ბარიგები" არიან, შეიძლება ტყვია გგლიჯონ თავში. "მასკებით" დგანან და ასე ყიდიან სადარბაზოებშიც კი. 12-13-14 წლის გოგონები ყიდულობენ, გაგიჟდები. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კარგი, ქართველო გოგონებო და ბიჭებო! არასდროს გააკეთოთ, საშინელებაა. მოკლედ, ამ "ბარიგებს" მთელი ამბები აქვთ, თავიანთი იერარქიები. იქ ცხოვრებისას გავერკვიე ამ ამბებში, ციხეშიც. იმიტომ არ მინდა ხოლმე ამ თემებზე საუბარი, მერე, ზოგს რაღაცები ჰგონია.
ძალიან მიყვარხართ და ძალიან მენატრებით, დედას გეფიცები. ვიცი, რომ ხალხს ძალიან უჭირს და ყველანაირები მიყვარხართ, მოსიყვარულეებიც და მაგინებლებიც, დათრგუნულებიც, გაბოროტებულებიც. გენაცვალეთ თქვენ, ყველას აბსოლუტურად", - აცხადებს კაბუ „კვირის პალიტრასთან".