
(რეზონანსი) გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმის პროკურორის გიორგი კავსაძის თქმით, ძმების ლიკვიდაციის საქმეში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის სახელი ფიგურირებს.
როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა.
"ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებით, რაც აქ გვაქვს, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული", - აცხადებს კავსაძე.
თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს, ან შემსრულებლებს, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.
რაც შეეხება ფეიქრიშვილებთან ყიფიანის კავშირს, მათი გზები წლების წინ ე.წ მაზავშიკების საქმეზე გადაიკვეთა. აღნიშნულ საქმეზე 2010 წელს დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.
დავით ფეიქრიშვილს საფეხბურთო ჩემპიონატზე, ე.წ "მაზით" 140 000 დოლარი ჰქონდა მოგებული. თანხის გადახდა მის მოვალეს გაუჭირდა და დახმარებისთვის ქურდული სამყაროს "ავტორიტეტს" ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მიმართა.
ყიფიანი უკრაინიდან თბილისში დავით ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. მაშინ გავრცელდა ყიფიანისა და ფეიქრიშვილის საუბრის ჩანაწერიც, სადაც ისინი თანხაზე საუბრობდნენ. ყიფიანი ფეიქრიშვილს ეუბნებოდა, "ქურდული წესებით", ასეთ დროს მოგებული თანხის 20 პროცენტი სად უნდა წასულიყო. ფეიქრიშვილი კი ყიფიანს პასუხობდა, რომ ეს წესები უკვე აღარ არსებობს.
ძალოვნებმა გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი 2010 წლის ივლისში, თბილისში, ჭავჭავაძეზე დააკავეს. მანქანა სამრეცხაოსთან რამდენიმე წუთით გააჩერეს და სავარაუდოდ, ფეიქრიშვილს ელოდნენ, რომლისთვისაც თანხა უნდა გადაეცათ. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან 40 700 დოლარი ამოიღეს და ეს თანხა, გამოძიების მტკიცებით, ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა. ვატო ყიფიანს კი დამატებით, ფეიქრიშვილის მოგებული თანხა, 30 000 დოლარი უკრაინაში ჰქონდა ამოღებული.
მაშინ დავით ფეიქრიშვილი პროკურატურის საპროცესო გარიგებას დასთანხმდა და ციხიდან მალევე გათავისუფლდა.