
უკვე ერთი კვირაა, ოჯახი თურქეთში გაუჩინარებულ ქართველ მეზღვაურს უშედეგოდ ეძებს. არსებული ინფორმაციით, ის თურქმა სამართალდამცველებმა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ჯერ უცნობია. ქართველი მეზღვაური პანამის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემიდან გაუჩინარდა.
ახალგაზრდა ბიჭთან კონტაქტს მშობლები უშედეგოდ ცდილობენ. თურქეთში შვილის მოსაძებნად ჩასულ მამას არც შვილი აჩვენეს და არც ტელეფონით კომუნიკაციის საშუალება მისცეს.
"ვარ ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ არ ვიცი ჩემი შვილი როგორ არის, სად არის, სად იმყოფება, რატომ წაიყვანეს, რის გამო, არ ვიცი არაფერი. რაც წაიყვანეს, მას მერე მასთან კონტაქტი არ მქონია და არაფერი არ ვიცი. გემიდან არის აყვანილი, გაიყვანეს მოტყუებით, რომ რაღაც შეკითხვები გვაქვსო და წაიყვანეს, არაფერი არ ვიცით. ასე თქვეს, 3 წლის ამბავიაო და ვერ წარმომიდგენია. ჩემი შვილი ცურავდა - 1 წელი წასული იყო,"- განაცხადა დაკარგულის დედამ.
"პირველად, მასთან ერთად ვინც ცურავდა გემზე, ქართველია და იმან დაგვირეკა, წაიყვანესო და მაგით გავიგეთ და მერე უკვე, მამა რომ ჩავიდა თურქეთში, გემის კაპიტანი ვინც არის, იმას დაელაპარაკა. თურქული კომპანიაა, მაგრამ პანამის დროშის ქვეშ ცურავს,"- განაცხადა დაკარგულის ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს, თუმცა აცხადებს, რომ მეზღვაურის დაკავება არ უკავშირდება მის პროფესიას და დაკავშირებულია მის საქმიანობასთან სხვა მიმართულებით.
წყარო: "რუსთავი2"