რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე, რომელიც სუს-მა აღკვეთა, პირველ კომენტარს აკეთებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" დავით ფეიქრიშვილმა განუცხადა, დაკავებული 7 პირიდან არავის იცნობენ, მკვლელობის მომზადების ფაქტს კი „ვერაფერს უკავშირებენ".

ფეიქრიშვილის განმარტებით, მათი მკვლელობის მომზადების შესახებ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიგეს და ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მანამდე არ ჰქონიათ.

„დაკავებულებიდან არცერთს არ ვიცნობთ, მათ შესახებ გუშინ გავიგეთ. კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან დამიკავშირდნენ, სადაც ძმასთან და ადვოკატთან ერთად მივედი. მითხრეს, რომ ჩემი და ჩემი ძმის მკვლელობა მზადდებოდა შეკვეთით. ასევე მითხრეს, რომ დაკავებული იყვნენ კონკრეტული პიროვნებები, რომელთაც არ ვიცნობთ. აქედან გამომდინარე ამ ფაქტს ვერაფერს ვუკავშირებ", - აცხადებს დავით ფეიქრიშვილი „ინტერპრესნიუსთან".

სუს-მა თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, გიორგი ფეიქრიშვილი 2016 წელს იარაღის უკანონოდ ფლობის გამო იყო დაკავებული. მისი დაკავება ვაკეში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გია ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის მკვლელობას დაემთხვა.

გიორგი ფეიქრიშვილმა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ მის სახლთან მუდმივად იდგნენ პოლიციის მანქანები, თუმცა, მკვლელობასთან კავშირს ის კატეგორიულად უარყოფდა.

ცნობისთვის, AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ტყუპი ძმა და ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი (ბადუკა) ნათობაძე ახლო მეგობრები იყვნენ და არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, მისი სახელი ფიგურირებს ე.წ მაზავშიკების საქმეში, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×