რეზონანსი
29.01.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" და 3 აბი „მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×