
"რუსეთის კულტურის სამინისტროს უკულტურო მინისტრი" - ეს და სხვა უარყოფითი შინაარსის შეფასებები მოჰყვა რუსეთის კულტურის მინისტრის ოლგა ლიუბიმოვას პერსონას.
ექსტრავაგანტულმა ლიუბიმოვამ ვლადიმირ მედინსკი შეცვალა. მან კულტურის მინისტრის პოსტი 21 იანვარს, მას შემდეგ დაიკავა, რაც პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
კულტურის ახალი მინისტრი რუსეთში არც თუ ისე ცნობილი ფიგურაა, თუმცა როგორც რუსული მედიის ნაწილი წერს, ის პოპულარობისთვის სხვადასხვა გზას იყენებდა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მათ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში მისი ძველი ინტერვიუები ამოწიეს, სადაც მათი თქმით, "ახალი მინისტრის ინტერესები და მსოფლმხედველობა ჩანს"."კულტურისა და ესთეტიკისგან შორს მყოფი მინისტრი, რომელიც ვითომ ლიბერალურ ხედვასა და მიდგომებს ამკვიდრებს..." - ასე აფასებენ მას რუსი ინტერნეტმომხმარებლები. თუმცა, სხვები მიიჩნევენ, რომ ის თავისუფლად მოაზროვნე, ენერგიული და ძლიერი ბუნების ქალია.
novayagazeta.ru-ს ცნობით, ის კინოს მიმართულებით ძალიან აქტიურობდა. "მისი დახმარებით, ძალიან კარგი პროექტები განხორციელდა. აგრესიულად აფასებდა უაზროდ გახარჯულ ბიუჯეტის თანხას... თუმცა, მაინც ჯობია ფრთხილი იმედები გვქონდეს" - წერს გამოცემა.
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში აღმოაჩინეს, ლიუბიმოვა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარში არსებული კინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მას მაისურზე ასეთი ტექსტი აწერია: "ვინ ხართ? რა გინდათ?!. არ გიცნობთ და წადით თქვენი...".
რუსეთის კულტურის ახალი მინისტრი სოციალურ ქსელებში ასევე წერდა, რომ არ ესმის, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, მოსკოვში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას ასე გამოხატავდა;
"რა გითხრათ აბა - ჩემს ბავშვობაში, მიტინგებზე მხოლოდ ის ლოთები და უსაქმურები დადიოდნენ, რომლებიც იქ არაყს სვამდნენ..." - წერდა ოლგა ლიუბიმოვა.სკანდალური ფრაზები ავტორი ოლგა ლიუბიმოვა თეატრალური წრიდან მოდის. ის შეპკინის სახელობის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლის ლექტორის, ბორის ლიუბიმოვის ქალიშვილია. მისი დიდი ბაბუა მხატვრული თეატრის მსახიობი იყო. დედაც მსახიობი ჰყავს... თავად მას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
2000-იანი წლების დასაწყისში, ტელევიზიებში მართლმადიდებლურ თემატიკაზე მუშაობდა. ამზადებდა გადაცემას "Ортодокс", "Православный календарь" და სხვა... შემდეგ, ერთ-ერთი არხზე თოქ-შოუც მიყავდა.
წყარო: "ამბებ.ჯი"