
თურქეთის აღმოსავლეთით მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაზარალებულთა რაოდენობამ 1 060 ადამიანს მიაღწია, ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ქვეყნის საგანგებო და ბუნებრივი კატასტროფების მართვის ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ხელისუფლება დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
პარასკევს, 24 იანვარს, გვიან საღამოს, ქალაქ სივრიდჯთან 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ 118 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრეც 2.7-დან 5.4 მაგნიტუდამდე მერყეობდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების გარდა, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ასევე ერაყში, სირიაში, ლიბანში, სომხეთსა და საქართველოში.