
რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მამა-შვილი გურამ და იაგო გოგბაიძეები გარდაიცვალნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლიდან საცხოვრებელ ბინაში დაგროვილი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა. ტრაგედიის თვითმხილველი, გურამ გოგბაიძის ძმა გახდა, რომელმაც მას შემდეგ, რაც მამა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდა, 21 იანვარს, დაკეტილი ბინის კარი შეამტვრია. ადგილზე შემზარავი სურათი დახვდათ: იაგო გოგბაიძე საწოლში იწვა, გურამ გოგბაიძე კი, აბაზანასთან, დერეფანში. ორივე გარდაცვლილი იყო.
გურამ გოგბაიძეს მისი თაობის რუსთაველები და არა მხოლოდ რუსთაველები, კარგად იცნობენ, როგორც “საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” აქტიურ წევრს, დისიდენტს, “წმინდა ილია მართლის საზოგადოების” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს.
“საოცრად დიდი პატრიოტი, ძლიერი პიროვნება იყო. ძალიან პრინციპული, რაიმეს რომ იტყოდა, აუცილებლად გააკეთებდა, სამართლიანი და სიტყვის კაცი იყო. “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრი ვიყავი, მაშინ ფარულად, იატაკქვეშ, თბილისში ვაჟა მთავრიშვილის ბინაში ვიკრიბებოდით. მოგვიანებით, 1989 წელს გავიცანი ბატონი გურამი, სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა შემდგომ “წმინდა ილია მართლის საზოგადოება”. იმ დროს, ძალიან უჭირდა საქართველოს, მაგრამ იმდენად ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები, რომ ამ გაჭირვებას ვერ ვგრძნობდით.
კოსტავას ბინაში ვიკრიბებოდით, ვგეგმავდი აქციებს, ხალხთან შეხვედრებს. გურამი, რუსთავში ატარებდა საპროტესტო მიტინგებს, ის ორგანიზებას უწევდა ამ პროცესს, მე როგორც ისტორიკოსი, ხალხს ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ვუხსნიდი, თუ რატომ უნდა გამხდარიყო საქართველო დამოუკიდებელი. ბატონ გურამს მიტინგი მიყავდა, ბევრი გვლანძღავდა მაშინ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა გვერდში გვედგა”, – განუცხადა "ამბებს" გურამ გოგბაიძის მეგობარმა, თანამებრძოლმა, პედაგოგმა და ისტორიკოსმა თამარ ცნობილაძემ.