
,,სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის მათე ჯომიდავა თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ჯომიდავა ,,სპარში” კონსულტანტად მუშაობდა. 30 დეკემბერს მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ. ჩხუბმა სუპერმარკეტიდან ქუჩაში, მაღაზიის მიმდებარე ტროტუარზე გადაინაცვლა, სადაც თავდამსხმელმა ჯომიდავას, სავარაუდოდ, ქვაფენილის ფილა ჩაარტყა თავში.
19 წლის სტუდენტის ოჯახის წევრები გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობენ. ჯომიდავების ნათესავის თქმით, გარდაცვლილს აფხაზეთში ხვალ გადაასვენებენ.
"ეს უწესიერესი ბიჭი ილიას უნივერსიტეტში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კონსულტანტად. წვალობდა, რომ სწავლის საფასური გადაეხადა... მკვლელი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, არავის არ უნდა შერჩეს მათეს მკვლელობა! შესაბამის დოკუმენტებს აკეთებს ჩემი ძმა და ხვალ აფხაზეთში გადაასვენებენ, საბერიოში" - განუცხადა "ამბებს" გარდაცვლილის ნათესავმა მარინა ჯომიდავამ.
პოლიციამ დამშავე ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.