
(რეზონანსი) ბაღდადი ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. „პრაიმტაიმი" იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც სამი თვის ორსულია და იმის გამო, რომ მის მეუღლეს საქართველოში ბინადრობის უფლებას არ აძლევენ, სამშობლოში ვერ ბრუნდება.
„აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემი სახელმწიფო არ მეხმარება. ბინადრობის მოწმობას არ აძლევენ ჩემს მეუღლეს. სამი თვის ორსული ვარ და ქმარს აქ მარტო ვერ ვტოვებ. ვარ სტუდენტი და ვმუშაობ საქართველოში. არავის ესმის ჩემი ხმა, არც ერთ განცხადებაზე პასუხს არ მცემენ. იქიდან გამომდინარე, რომ ერაყში საელჩო არ გვაქვს, ვესაუბრე იორდანიაში საქართველოს ელჩს. დიდი ხვეწნის შემდეგ დამთანხმდნენ, რომ ვიზის აპლიკაცია მეილით გამეგზავნა. პასუხი ჯერ ისევ არ არის. ერთი თვეა, რაც ბაღდადში ვარ. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ ჩემი მეუღლე დავაბრუნო საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. ის საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ როცა სწავლა დაასრულა, მაშინვე გამოუშვეს თავის ქვეყანაში. არ დაადეპორტეს, მაგრამ უარესი გაუკეთეს. დღეში სამჯერ მიჰყავდათ განყოფილებაში, არ ხარ ლეგალი და არ გვაინტერესებს ბინადრობის განცხადება განხილვაშია თუ არაო. ამის გამო ავიწროებდნენ. თურმე საშიში პიროვნება ყოფილა. მოგვთხოვეს ნასამართლეობის საბუთი, რომელიც ერაყში უნდა აგვეღო. ეს საბუთი ერაყიდან ჩამოვიტანეთ და მივიტანეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა სანამ ლეგალიზაცია გაუკეთეს, ვადა ამოეწურა. ერთი თვის შემდეგ იგივე საბუთი ჩავაბარეთ. ისევ არ არის პასუხი არც იუსტიციის სამინისტროდან. ასევე მივმართე უშიშროებას განცხადებით. ვიკითხე, რატომ არის ჩემი მეუღლე საშიში პიროვნება, მითხარით, იქნებ მეც აღარ მომინდეს მასთან ცხოვრება-მეთქი. განცხადება ისევ განხილვის პროცესშია და გაურკვევლობაში ვართ.
ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ირანი ამერიკის ბაზებს რაკეტებით აფეთქებს. აქ ისევ მიტინგებია. ყასიმ სულეიმანის მხარდამჭერები და მისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც სულეიმანს ტერორისტად მოიხსენიებენ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. აქ ორივე მხარეს შორის ისევ გრძელდება დაპირისპირება. მომიტინგეების დასაშლელად გაზის ტყვიებს იყენებენ. ისვრიან გაზის კაფსულებს, რომლებსაც ვადა 2014 წელს აქვს გასული. იქ სადაც აქციები იმართება, ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. 24 იანვარს არის დაგეგმილი ყველაზე მასშტაბური აქცია. გარეთ გასვლა შეუძლებელია. საჭმელის საყიდლად მხოლოდ ჩემი მეუღლე და მისი ძმები გადიან. ახლა ქუჩაში განსაკუთრებული კონტროლია. რომც გახვიდე სახლიდან, იფიქრებენ, რომ რაღაც დააშავე და გარბიხარ. ერთი ქუჩიდან მეორეზე გადასასვლელად, როგორც ქვეყნიდან გასვლის დროს, არის კონტროლი პასპორტით, ყველაფერს ისე გიმოწმებენ. - აცხადებს ქართველი ქალი.
პრაიმტაიმი