
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს" ცნობით, ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. თეირანში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით ვრცელდება. ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება ვერ ხერხდება.
თეირანში გადაღებული ვიდეო, ირანში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ გაავრცელა, რომლის სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს.
ვიდეოში ჩანს სისხლის კვალი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც იარაღი უჭირავთ. კიდევ ერთ ჩანაწერში ჩანან პოლიციელები, რომლებიც დემონსტრანტებს რეზინის ხელკეტებს ურტყამენ.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი თეირანში, თავისუფლების მოედანზე მოხდა. შეიარაღებული პოლიცია ქალაქის სხვა მოედნებსა და თეირანის უნივერსიტეტთანაც პატრულირებდა.
თეირანის პოლიციის უფროსი მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უარყოფს.
აქციები თეირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა უკრაინული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა. თეირანში მომხდარს „ადამიანური შეცდომა" უწოდეს. ამის შემდეგ ირანში აიათოლა ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა.