
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რათა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მომხდარიყო.
"როგორც ჩანს, "ფეიკ-ნიუსის" ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.