
(რეზონანსი) 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც კლუბ "ბასიანში" ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ადამიანი დაჭრა, დაკავებულია.
მეზობლები ჩაჩხიანს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ის გაწონასწორებული პიროვნებაა.
"ნორმალური ბიჭია, ძაღლს ასეირნებს ჩვეულებრივ. ადრე ნასამართლევი თუ იყო არ ვიცი. გაწონასწორებული ბიჭია. მეტი ახლო ურთიერთობა არ მაქვს," - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა "კურიერთან" საუბრისას.
წინასწარი ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს ბიძინა ჩაჩხიანს, ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკების გამო, დაცვამ კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის "ბასიანში" დაბრუნდა და იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით, საკუთარ სახლთან დააკავა. სამართალდამცველებმა იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დაჭრილთაგან 2 კლუბის თანამშრომელი, ერთი კი კლუბის სტუმარია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი დილით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.