
(რეზონანსი) თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი? - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, სინოდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს მიმართა.
"დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით მე შეფასება ბევრჯერ გავაკეთე. აზრი მას შემდეგ არ შემცვლია. რომელ პრეზიდენტს უნდა მივმართოთ შეწყალებაზე, მოქმედ პრეზიდენტს თუ მომავალს? ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩვენ, საპატრიარქომ ორჯერ მივმართეთ პრეზიდენტს. ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს. კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი იმასაც მივმართავთ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კითხვაზე - ახალი პრეზიდენტის მიმართვამდე აპირებს, თუ არა საპატრიარქო განმეორებით მიმართოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე, მეუფე ნიკოლოზმა განცხადა:
"ვერაფერს გეტყვით, როგორც იქნება საჭირო ისე გავაკეთებთ. როგორ უნდა მივმართოთ? სინოდს ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია, უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. სინოდმა ორჯერ მიმართა პრეზიდენტს. კიდევ მეორედ უნდა დავწეროთ ასეთი წერილი? თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით მეორეჯერ დავწეროთ წერილი?",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.