
ირანის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის დროს ამერიკელი სამხედროები იმიტომ არ დაზარალებულან, რომ მათ თითქმის სამი საათით ადრე იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ნაწილმა სამხედრო ბაზის ტერიტორია დატოვა, ხოლო მეორე ნაწილმა ბუნკერებს შეაფარა თავი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სი-ენ-ენი" იუწყება.
გარდა ამისა, უფრო ადრე „ფოქს ნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკელი სამხედროები მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ ერაყის ხელისუფლებამ გააფრთხილა, ხოლო ოფიციალურმა ბაღდადმა კი ეს ცნობები თეირანისგან მიიღო.
ერაყის დასავლეთით მდებარე სამხედრო ბაზა აინ-ალ-ასადზე მყოფმა ამერიკელმა სამხედროებმა ირანის მხრიდან მოსალოდნელი შეტების შესახებ დაბომბვამდე 2,5 საათით ადრე გაიგეს. ჟურნალისტებს ამის შესახებ ობიექტის დათვალიერებისას სამხედროებმა განუცხადეს.
8 იანვარს სარაკეტო შეტევა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ირანელები სამხედრო ბაზის იმ ნაწილს უტევდნენ, სადაც ამერიკელი სამხედროების უნდა ყოფილიყვნენ. ჯარისკაცების თქმით, ისინი სასწაულით გადარჩნენ, რადგან რამდენიმე ჭურვი მათს თავშესაფართან ძალიან ახლოს აფეთქდა.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გააფრთხილეს ამერიკელი სამხედროები წინასწარ ბაღდადიდან, „ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, ბაღდადმა ეს ინფორმაცია თეირანისგან მიიღო, რადგან არ უნდოდათ, რომ ერაყის მოსახლეობა დაზარალებულიყო დაბომბვისას.
თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა ირანის რევოლუციის მცველ გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი განმარტებით, ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით 3 იავნარს გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიება იყო.
პენტაგონის მონაცემებით, დაბომბვის შედეგად ამერიკელების მხრიდან არავინ დაშავებულა, ხოლო სამხედრო ბაზები ძალიან არ დაზარალებულა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ერაყის მხარემ თეირანის მიერ მიღებული გაფრთხილება გადასცა ვაშინგტონსა და სხვა სამხედროებს, რომლებიც დისლოცირებულები იყვნენ ბაზებზე.
საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, თმცა მკაცრ სანქციებს ირანელები ვერ ასცდებიან.