
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან
ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე განმეორებითი ტექდათვალიერების გავლისას 1 აპრილიდან საჭის გადატანის აკრძალვა ამოქმედდება.
საქართველოში საჭის გადატანა მარჯვენასაჭიან ავტომობილებში სავალდებულო არ არის.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, პირველადი ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ, გადატანილი საჭით მას განმეორებით ვერ გაივლიან.
გარდა ამისა, 1 აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას სპეციალური სტიკერების დაკვრის შემდეგაც ვერ გაივლიან.
პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები, 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები, 1 ოქტომბრიდან 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.