რეზონანსი
10.01.2020

(რეზონანსი) პრაქტიკულად, ხაჯიმბას დღეები დათვლილია - საქართველოსთვის განსაკუთრებით არაფერი იცვლება, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშეიძემ განაცხადა, რითაც ოკუპირებული აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მან შეაფასა აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს გარკვეულწილად იმ ძალების რევანშია, რომელიც თავის დროზე ხაჯიმბამ ამავე ფორმით გამოყარა „პრეზიდენტის რეზიდენციიდან".

„რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის განმეორდა ზუსტად ისე, როგორც მაშინ ხდებოდა, უბრალოდ ამ, დღევანდელ ღონისძიებას აქვს ბევრად უფრო კრიმინალური ხასიათი, ვიდრე იყო ის წინა - ორივე არალეგიტიმურია, ორივე სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ პრინციპში, ახლა უკვე უფრო კრიმინალური შეფერილობა აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შიდა დაპირისპირება მოხდა კლანებს შორის რამდენიმე თვის წინ, რომლის შედეგიც იყო სოხუმში ორი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა. მათმა ნათესავებმა შემდგომში რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოახდინეს ის, რაც მოახდინეს.

გუშინდელი ღონისძიების ლიდერი იყო ამ ერთ-ერთ დაღუპული კრიმინალური ავტორიტეტის ბიძაშვილი, ახრა ალიცბა. ახრა ალიცბა არის დონბასში მოქმედი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ერთ-ერთი რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, ცნობილი მოროდიორი, რომლის წინააღმდეგ საქმე აქვს აღძრული უკრაინის პროკურატურას, როგორც მოროდიორისა და მძარცველის წინააღმდეგ. ეს პიროვნება ახლა ჩაუდგა სათავეში ამ საპროტესტო მიტინგს თავიდან და მერე - ამბოხებულებს. პრინციპში, ეს პოლიტიკურ-კრიმინალური გადატრიალებაა, რაც აფხაზეთში მოხდა. ახლა მეტი რაღა უნდა მოხდეს, „პარლამენტმა" პრაქტიკულად, მიიღო გადაწყვეტილება, არ დაუჭირა მხარი „პრეზიდენტს", აქედან გამომდინარე, ავტომატურად დაუჭირა მხარი ოპოზიციას. გამოდის, რომ პრაქტიკულად, ხაჯიმბას დღეები დათვლილია", - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×