რეზონანსი
09.01.2020

„ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების დღევანდელ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმები შეათანხმეს, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება.

ვაშაძის თქმით, მზადება მიმდინარეობს დიდი შეკრებისთვის, რომლის თარიღსაც თვის ბოლოსთვის დაასახელებდნენ.

„პირველ რიგში ეს არის რეგიონული აქციები, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება და უფრო სისტემური, მასობრივი ხასიათი ექნება. მეორე არის პარლამენტის პიკეტირება, რომელიც იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში იქნება, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მესამეა მზადება დიდი შეკრებისთვის თბილისში, რომლის თარიღსაც უკვე თვის ბოლოსთვის დავსახელებთ. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვართ დამოკიდებული, ეს არის ეუთო ოდირის დასკვნა, ასევე მონაცემები, რომლებიც უნდა მივიღოთ საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მთავარი - ქმედება „ქართული ოცნების" მხრიდან. 20 იანვრისთვის გვექნება დეტალური თარიღები. ველოდებით რამდენიმე დეტალურ შეტყობინებას, მათ შორის ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, რომელიც დახურულ რეჟიმში განვიხილეთ და, რომელზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ" ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ მოქმედებებს გააგრძელებენ.

„საკონსულტაციო შეკრება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ კატეგორიულად განვაცხადო - 2020 წელი იქნება ჟამი ჩვენი ხალხის, ქვეყნის თავისუფლებისა და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში გასტუმრების ეტაპი. ეს აუცილებლად მოხდება იმ სტრატეგიით, რომელიც შემუშავებულია და, რომელზეც კონსენსუსია მიღწეული. განახლდება რეგიონული აქციები, იქნება დიდი მასშტაბური აქცია დედაქალაქში, გაძლიერდება საერთაშორიო პრესი და ზეწოლა არა მხოლოდ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებზე, არამედ უშუალოდ იმ რგოლებზე, რომლებიც ასრულებენ რეპრესიის გამტარებელთა ფუნქციას და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს. ამ საშინელი სისტემის ჩამოშლამდე, რომლის ნგრევა უკვე დაწყებულია", - აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×