რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) პროექტიდან კონსორციუმის ჩამოშორების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ 1 წლის წინ იქნა მიღებული-ასე აფასებს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე.

„ის, რაც დღეს მოხდა ლოგიკური დასასრული იყო იმ „შუმერული თამაშისა", რასაც ხელისუფლება ეწეოდა მთელი 2019 წლის განმავლობაში, როდესაც რიტორიკულად პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას ახდენდა, მაგრამ ამასთანავე, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის. საბოლოო ჯამში, ამით პოტენციურ ინვესტორებს აფრთხობდა და ამ ვითარებაში როდესაც კონსორციუმის მენეჯმენტს უმძიმეს დანაშაულში სდებ ბრალს, არც ერთი ინვესტორი რისკს არ გასწევს და ფულს არ ჩადებს. ამ ყველაფერს ხელოვნური პოლიტიკური კონტექსტი გასდევდა. გარდა ამისა, ხელისუფლებას რაღაც ეტაპზე პროექტის მიმართ პოლიტიკური ინტერესი გაუჩნდა და მამუკა ხაზარაძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა, რომ მასზე კონტროლი აღედგინა. პროექტიდან კონსორციუმის ჩამოშორების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ 1 წლის წინ იქნა მიღებული. ამის შემდეგ, მთელი ეს „შუმერული თამაში" მიმდინარეობდა, რაც ლოგიკური ფინალით დასრულდა.

მე კონსორციუმი ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა საქმე იმაში გახლავთ, რომ სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა. ანაკლიის პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ფუნქციის შეძენის თვალსაზრისით, რაც ქვეყანას ძალიან წაადგებოდა," - განაცხადა გია ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×