
(რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Sputnik -ი ავრცელებს.
ე.წ ოპოზიციის მომხრეები რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობენ. ისინი მოითხოვენ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გამოცხადებას.
აქცია თავდაპირველად აფხაზეთის დრამატულ თეატრში დაიწყო, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
ადმინისტრაციის შესასვლელთან, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც პერიოდულად ხდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა შენობის დაცვის წევრებს შორის.
ე.წ ოპოზიციის მტკიცებით აუცილებელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვა მოხდეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის აჰრა ავიძბას თქმით, შეკრებილი ხალხი "აპირებს დაიცვას აფხაზეთის კონსტიტუცია".
საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან, თუმცა, იგი შეიძლება გასაჩივრდეს უმაღლეს სასამართლო ორგანოში - აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმზე.