რეზონანსი
09.01.2020

დეკანოზ მამალაძის დედამ, ქეთინო მაღლაკელიძემ "ჰოთნიუსთან" ინტერვიუში მისი შვილის ოჯახის შესახებ ისაუბრა:

"ჩემი შვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია, ბეწვზე ჰკიდია, ამიტომ ყველაფერზე ვისაუბრებ. რაც კი მამაო (იგულისხმება გიორგი მამალაძე) თბილისში გადაიყვანეს, მალევე დაეწყო განერვიულება, ვატყობდი, რომ მამაო და ჩემი რძალი კამათობდნენ ხოლმე. 4 შვილი მყავს, 3 დაქორწინებულია და ცოლ-ქმარს შორის კამათი ჩემთვის გასაკვირი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს რძლებთან. რომ წერენ, მამაო მილიონების პატრონიაო, ეს ყველაფერი აბსურდია, ერთ სახლში ვცხოვრობთ. მას 3 შვილი ჰყავს, 2 კი - ჩემს მეორე ბიჭს, თორნიკეს, ზოგჯერ ჩემი გოგოც ჩამოდის, მე, ჩემი ქმარი და ჩემი მესამე ბიჭი ვცხოვრობთ და ვიფიქრე, ალბათ, მამაოს ცოლს, რომელიც ნაზი და კარგი პიროვნებაა, იქნებ რამე პრობლემაა და არ უნდა ჩვენთან ყოფნა და ამის გამო აქვთ დაძაბულობა-მეთქი. ამიტომ მამაოს სულ ვეუბნებოდი, ხომ ცხოვრობ თბილისში რაღაც ბინაში, მოჰკიდე შენს ცოლ-შვილს ხელი, წაიყვანე, ბავშვებს იქ ასწავლე-მეთქი და სულ მეუბნებოდა, დედა, მე ჩემ ცოლ-შვილს იქ ვერ წავიყვანო და მეც შევეშვებოდი ხოლმე. 

ერთხელ ისე საშინლად იჩხუბეს, რომ მამაომ იას რომ ვერაფერი უთხრა, ნერვებმოშლილმა კარადას ხელი დაარტყა, კარები ჩამოვარდა. მამაო სახლიდან განერვიულებული გავარდა, ღამის 9 საათზე ქობულეთიდან ბათუმში ჩამოვედი მის მოძღვართან, მამა ნიკოლოზ გიგატაძესთან, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელია. სანამ მღვდელი გახდებოდა, გადანასკვული ოჯახები ვიყავით. ვუთხარი, მამაო ძალიან ანერვიულებულია, სულ ჩხუბებობენ ცოლ-ქმარი, თუ ცალკე უნდათ ცხოვრება, წავიდნენ, ხელს არ შევუშლი-მეთქი. მიპასუხა, თქვენ არაფერ შუაში ხართო. ვუთხარი, თუ რამე დანაშაული აქვს, სადმე შვილი არ ჰყავდეს გაჩენილი, ჩუმად მოვკიდებ იმ ბავშვს ხელს და დავიკარგები, ისე გავზრდი იმ ბავშვს, საერთოდ ვერ გაიგებს ვერავინ-მეთქი. გაგიჟდა მამაო, რას ლაპარაკობ, არ იცი შენი შვილი რანაირი იყო, არასდროს მექალთანე არ ყოფილა და შენი შვილების გაზრდისთვის მთელი უბანი მადლობას  გეუბნებითო. აბა, რა ხდება, დაკლა, ლამის, ცოლ-ქმარმა ერთმანეთი-მეთქი და მიპასუხა, მამაომ ისეთი რაღაც ნახაო... 

აქვე უნდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში მოვკარი ყური, მამა გიორგიმ ჩემს რძალს უთხრა, ბერად უნდა აღვიკვეცოო, რაზეც ცოლი გადაირია, ამ სამ ბავშვს რომ მიტოვებ, ჯერ დააყენე გზაზე და სადაც გინდა, წადიო... ამასთან დავაკავშირე მამა ნიკოლოზ გიგატაძის სიტყვები. მან მითხრა, მამაომ ისეთი რაღაც ნახა და ისეთი რამ იცის, რომ თქვას ან მოკლავენ, ან არ დაუჯერებენ, არადა, მის გულს ასკდება და თუ წასვლა უნდა ბერად, გაუშვითო. ჩავეკითხე, რას გულისმხობდა, მაგრამ მითხრა, აღსარება ჩამაბარა და ამას ვერ ვიტყვიო. ეს მე მეუფე დიმიტრისაც ვუთხარი. მან მითხრა, იცით, მამაომ რა ქნაო? აი, დიდი სკა წარმოგიდგენიათ ფუტკრებისო? კი-მეთქი. მან ხელი ასე გვერდიდან კი არა, პირდაპირ იმ ფუტკრებით სავსე სკაში შეყოო და ამის მერე მიმტკიცებს, რომ მან არაფერი იცოდა?"

ჰოთნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×