თამარ შუკვანი
08.01.2020

ირანი დღეს უკვე თავდასხმით არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ისრაელსა და გაერთიანებულ ემირატებსაც ემუქრება. საუბარია იმის შესახებ, რომ თუკი აშშ ერაყში მისი ბაზების დაბომბვის გამო ირანს პასუხს გასცემს, დაპირისპირება უკვე მასშტაბურ სახე მიიღებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერი, ვინც შეეცდება ისრაელს თავს დაესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის საქციელს ირანთან მიმართებაში მამაცური უწოდა: „ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. 62 წლის გენერალი ახლო აღმოსავლეთში ირანის სამხედრო პოლიტიკის არქიტექტორად და წარმმართველად მიიჩნეოდა. ის „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შემადგენლობაში შემავალი „ყუდსის ძალების" სარდალი იყო. ამ ქვედანაყოფს აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის.

ამერიკული მხარის ამ ქმედებას ირანის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა; ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი სარაკეტო იერიშების საპასუხოდ, თავდასხმის ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი" წერს.

ერაყის პარლამენტის სპიკერმა მათ ტერიტორიაზე ამერიკულ ავიაბაზებზე ირანის დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა; მოჰამედ ალ-ჰალბუსიმ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას, რომ ერაყი კონფლიქტის სპირალზე დაეშვას. ის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ ირანში 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" „ბოინგ 737" აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოვარდა. ავიაკომპანია აცხადებს, რომ „ბოინგ 737" გამართულ მდგომარეობაში იყო. მათივე ინფორმაციით, იმის გარდა, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო, ეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო კომპანიის თვითმფრინავთაგან.

ირანს კი უარს ამბობს აშშ-სთვის იმ „შავი ყუთის" გადაცემაზე, რომელიც „უკრაინის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალი აბედზადე ამბობს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად „შავი ყუთის" ინფორმაციის ანალიზი უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, თუმცა, პროცესში უკრაინელი გამომძიებლებიც უნდა ჩაერთონ. „ჩვენ არ გადავცემთ „შავ ყუთს" თვითმფრინავის მწარმოებელს ამერიკაში," - განაცხადა მან.

აბედზადეს ინფორმაციით, ინციდენტამდე მფრინავს დისპეტჩერებისთვის პრობლემების შესახებ არ უცნობებია და ამბობს, რომ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი „შავი ყუთის" შესწავლამდე შეუძლებელია.

ცნობისათვის, ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილმა „ბოინგ-737"-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×