„ირანის ხელმძღვანელობა უბრალოდ ვალდებულია თავისივე ხალხის წინაშე და მისივე გაცხადებულ პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად გასცეს პასუხი სოლეიმანის მკვლელობას, ამიტომ უნდა თუ არა, ის პრაქტიკულად კონფრონტაციულ რეჟიმში გადადის," - ასე ფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ირანის მიერ ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას.
ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.
ამ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერში ეხმაურება, იგი წერს, რომ „ყველაფერი კარგადაა" და ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
არეშიძე ამბობს, რომ მოვლენების განვითარების ერთი სცენარის მიხედვით, ამერიკული ბაზები დარტყმებს არა მხოლოდ ერაყში, არამედ მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებში მიიღებს.
„სცენარის რამოდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ, ერთი ვერსიით, აშშ-ის ბაზები დარტყმებს მიიღებს რომლებიც განლაგებული არიან არა მხოლოდ ერაყში, არამედ სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანაში და ამის მერე თუ ესეც მსხვილ დანაკარგთან არ იქნება დაკავშირებული, დასავლეთის რომელიმე ლიდერი ჩაერევა (მაგალითად მაკრონი, რომელიც ისედაც უკვე იბრძვის ამ საქმისთვის და ცდილობს, რომ სიტუაციის ესკალაცია არ დაუშვას) და მაქსიმალურად შეეცდება სიტუაცია დაამშვიდოს.
„საქმე ისაა, რომ ჩვენ პლაკატურ სიტუაციას ვხედავთ რაც ხდება, გვგონია, რომ ეს მართლა რეალურად ასეა, ანუ ირანში უმაღლესი სულიერი ლიდერიდან დაწყებული, დამთავრებული უკანასკნელი ირანელი ბავშვით მზადაა თავი გაწიროს სოლეიმანის გულისთვის. სინამდვილეში ეს ასე არაა, მაგრამ ასე ჩანს.
„ასევე ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ირანთან კონფრონტაციის რეჯიმში უკან დამხევი არაა, სინამდვილეში არც ეს არაა ბოლომდე ასე, იმიტომ, რომ არავის არ უნდა ხანგრძლივი ესკალაცია, მეორე ვიეტნამი, ან მეორე ავღანეთი, აქ მთავარი იყო ირანში არსებული ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დასუსტება და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური ფიგურის თავიდან მოშორება."
მამუკა არეშიძის შეფასებით, თავად ირანშიც კი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, რადგან მისი თქმით ამ ქვეყანაში არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც შექმნილი ვითარება მობეზრდათ.
„სხვათა შორის სოლეიმანის მკვლელობაზე თვითონ ირანშიც ცალსახა დამოკიდებულება არაა, იქაც არიან ადამიანები, რომლებსაც მობეზრდათ ის ვითარება, რაც დღეს ირანშია, ეს არის სცენარის განვითარების ერთი ვერსია.
„მეორე ვერსიით, შესაძლო ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი გაჩაღდეს, რომელშიც უცილებლად ჩათრეული იქნება რეგიონის ქვეყნები, ვგულისხმობ არაბულ სამყაროს და ისრაელს, ნუ დაგვავიწყდება, რომ სოლეიმანი ირანის სხვა ლიდერებთან ერთად ერთ-ერთი ავტორი იყო იმ პოლიტიკური „სარტყელისა", რომელსაც „შიიტური სარტყელი" ჰქვია, რომელიც იემენიდნ იწყება და ლიბანით მთავრდება, პრაქტიკულად ამ სივრცეში გამზადებულია ზოგან იატაკქვეშეთი, ზოგან ღიად-ლეგალურად სხვადასხვა ფორმის შიიტური სამხედრო ფორმირებები, რომლებიც მზად არიან იმისათვის, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან სამხედრო კონფრონტაცია შექმნან.
„ასეთი მასშტაბური კონფრონტაციის ვერსიაც არსებობს, რომელშიც ჩათრეული იქნება რეგიონის ყველა ქვეყანა და ამაში რაღაც ფორმით ჩართული იქნება რუსეთიც, ეს მეორე ვარიანტია, თუმცა ეს უარესი ვერსიაა.
„ასეა თუ ისე დღეს მსოფლიო ლიდერები შექმნილ ვითარებაზე კულუარულად გამოსავალს ეძებენ, ირანის ხელმძღვანელობა უბრალოდ ვალდებულია თავისივე ხალხის წინაშე და მისივე გაცხადებული პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად პასუხი უნდა გასცეს სოლეიმანის მკვლელობას, ამიტომ უნდა თუ არა, ის პრაქტიკულად კონფრონტაციულ რეჟიმში გადადის, ესაა სამხედრო დარტყმები, ესაა ატომური პროგრამიდან გასვლა და ბევრი სხვა," - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.