რეზონანსი
08.01.2020

წამებით მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას დედამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ორი პირი მონაწილეობდა და ვიდრე ორივეს არ დაიჭერენ, არ გაჩერდება.

“მე არ ვარ ის ქალი, ვისაც სარალიძესავით მოატყუებთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა. მარტო ერთი რატომ დაიჭირეს? სად არის მეორე დამნაშავე? ხელს რატომ აფარებენ? იმიტომ რომ ჯგუფური მკვლელობის ბრალდება უფრო მძიმეა და სასჯელი არ დაუმძიმდეთ? არ ვაპატიებ არავის ჩემი შვილის სიკვდილს! გამოვიდეს ის მეორე და თქვას, რომ ისიც მონაწილეობდა. არ გავჩერდები მანამდე”, – ელისო წურწუმია.

ცნობისთვის, 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელის ზურაბ ფოფხაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც მას მოსამართლეს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ვინაიდან სასამართლოზე დასწრება გარდაცვლილის დედამ მოითხოვა, თუმცა იმ მიზეზით, რომ ჭირისუფალს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შინ დარჩა, ის დარბაზში არ შეუშვეს.

დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა დანაშაული და მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მეორე პირს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ვარაუდით მკვლელობის თანამონაწილეა, ადვოკატი ამბობს, რომ ის არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, არამედ მეზობელია და ამ დროისათვის მისი ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება.

2020news

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×