
რაიკომის მდივანი, შს მინისტრის მოადგილე, ცკ-ის განყოფილების გამგე, პარლამენტის წევრი, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, გენერალი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა და წოდებებისა, რომლებზეც წარსულში, საერო ცხოვრებაში მუშაობდა ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე, ამჟამად ბერი ილია.
ის ახლა უკვე არქიმანდრიტი გახლავთ და მცხეთაში, სვეტიცხოველში, კელიაში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, რომელიც მუდამ კარიერულ წინსვლაში იყო, ტაძრამდე დიდმა სიყვარულმა მიიყვანა. საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ კი ბერად შედგა. მონასტერში ყოფნა მისთვის ერთადერთი გზა გამოდგა, რომ იმქვეყნად გადასულ თავის მეორე ნახევართან მუდმივი კავშირი ჰქონდეს.
ერისკაცობაში მამა ილიას ცოლი, გულიკო დვალი, სანას ეძახდა. ამ სიყვარულზე თავის დროზე ლეგენდები დადიოდა. სანდრო კავსაძეს მაშინ პირველი ცოლისა და 3 შვილის მიტოვება მოუხდა, რაც მაშინდელი თანამდებობის პირისთვის ფაქტობრივად კარიერის დასასრულს ნიშნავდა. სიყვარულმა, რომელსაც მამა ილია ერთსულ და ერთხორცად ყოფნას უწოდებს, ყველა შემოტევას გაუძლო და სანდრომ და გულიკომ მრავალი ბედნიერი წელი განვლეს ერთად. 2009 წელს კი გულიკო დვალის სიცოცხლე შეწყდა.
ბერად შემდგარი ყოფილი ჩინოსანი სვეტიცხოველში ახლა გამორჩეული მოძღვარია, რომელსაც დიდი მრევლი ჰყავს.
ჩემი მეუღლე 2009 წელს გარდაიცვალა. ჩემი და გულიკოს ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი იყო. ჩვენ ერთმანეთის ნაწილები ვიყავით და შევხვდით ერთმანეთს. ეს ჩვეულებრივი ცოლქმრობა არ იყო. ერთსულ და ერთხორც არიანო, რომ ამბობენ, ზუსტად ასე იყო.
მისი გარდაცვალების პირველ წელს ძალიან გამიჭირდა. მის საფლავზე დღეში ორჯერ მივდიოდი. ერთ დღესაც ჩემი ყოფილი კომკავშირული კოლეგა შემხვდა, რომელიც მამა ელისე გამხდარიყო და თბილისში, ხილიანის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის წინამძღვარი იყო. მითხრა, მაინც ბერივით ცხოვრობ სახლში და წამოდი ჩვენთან მორჩილად, ნახე მონასტრის ცხოვრებაო.
მართლაც მივედი ხილიანის ქუჩაზე და შემოსილი მორჩილი ვიყავი – იქ ვცხოვრობდი. მერე მარტყოფში გადამიყვანეს. იქ აღვიკვეცე ბერად. მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი იყო. იქ რომ მივედი, ვუთხარი, რომ იცოდეთ, ყოველ კვირას ვივლი სასაფლაოზე და ეს უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით-მეთქი. ძალიან ჭკვიანი კაცია, ნამდვილი ღვთისკაცი. მითხრა, თუ გინდა, ყოველდღე იარეო. ერთი კვირის შემდეგ საფლავზე წასვლა აღარ მინდოდა.
მაშინ ერთადერთი საფიქრალი ის იყო, რომ შვილები მყავდა – ორი გოგო და ერთი ბიჭი. ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი, რადგან ჩემი ნაწილი ვნახე. ხელი რომ გაკლდეს და ის ნახო, ხომ ვერ დატოვებ?! ტყუილში ცხოვრება გამომივიდოდა. შვილებიც უნდა მომეტყუებინა, ცოლიც და ეს არ შემეძლო", - განუცხადა "სარკეს" მამა ილიამ.