
შობის ღამე ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და სასოებას უნერგავს ადამიანებს, რადგანაც ის ყველანაირი სიკეთის საწყისია. ამიტომაც არის, რომ უფლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები გამორჩეულად ზეიმობენ. როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღეს, რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ, რატომ უნდა გაანათოს ყველა სახლის სარკმელი სანთელმა და ზოგადად, როგორ უნდა აღვნიშნოთ უფლის დაბადება - ამ თემაზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია საუბრებს:
შობის დღესასწაულის ჩაწვდომა, მოსამზადებელი პერიოდის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც დადგინდა მარხვის პერიოდი. გაწმენდილები უნდა შევხვდეთ ყრმა მაცხოვარს და ანგელოზებრივად ვუგალობოთ "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". შობის მოლოდინი მმარხველისთვის იგივეა, რაც უდაბნოს მზის ქვეშ გათანგული ადამიანისთვის, რომელიც ხანგრძლივი, დამღლელი სიარულის შემდეგ წყაროს მიაგნებს. მაცხოვარი კი დაულევნელი წყაროა.
მისი უწმინდესობის მიერ ჩვეულებად ქცეული ლამაზი რიტუალი - სარკმელთან მანათობელი სანთელი - იმას მიანიშნებს, რომ მორწმუნეები მიდგომილ ღვთისმშობელს საკუთარ ბინაში იხმობენ, მხოლოდ შობილი ძის განსახორციელებლად. სარკმელთან ანთებული სანთელი მაცხოვრის შობასთან ერთად ღამის წყვდიადის გაფანტვას განასახიერებს.
ამ დღის სიხარულს ვერ უძლებს ზეცა. შეუძლებელია, თუ ჯანსაღი ხარ, შობას სახლში, მხართეძოზე წამოწოლილი შეხვდე. ისიც შეუძლებელია, თუნდაც ტაძარში იდგე, მაგრამ მარხვის, ლოცვის, სინანულის და ზიარების გარეშე, ეს დაუსაბამო სიხარული განიცადო.
მახსოვს, ჯერ კიდევ გაუაზრებლად მიხაროდა, რადგან სახარებიდან ვიცოდი, რომ ვარსკვლავმა აუწყა კაცობრიობას შობის შესახებ. ღამის თორმეტი რომ დადგებოდა, გარეთ გავიდოდი, აივნიდან ავხედავდი ზეცას, ვეძებდი იმ ვარსკვლავს, რომელიც ბეთლემისკენ მიუძღოდა კაცობრიობას. სიდიდის მიხედვით ვადგენდი: რომელიც უფრო ბრწყინავდა, სავარაუდოდ, ის იქნებოდა. ეს იყო მთელი ჩემი საშობაო სამზადისი", - აღნიშნა მამა პეტრემ.