რეზონანსი
06.01.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე ის არგუმენტები დაასახელა, რომელთა გათვალისწინებითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა.

ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა მთავარი პრინციპით - საზოგადოებაში რაიმე ახალი დაპირისპირებისთვის არ შეეწყო ხელი.

ზურაბიშვილის განმარტებით, გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამავდროულად სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება, პასუხისმგებლობას მთლიანად თავად იღებს.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ვერ მოძებნა არგუმენტი, მით უმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

„რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს, აქაც ვიხელმძღვანელე მთავარი პრინციპით, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რამე ახალ დაპირისპირებას. პოლიტიკოსებისა, თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას ითხოვს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გააწყვეტილება ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას.

„საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელემწიფოს მომავალს",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას. ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია. და ბოლოს, ჩემი როგორც პირადი, ასევე პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა,რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში, ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა, ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა, ვთქვა,რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან, ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას. მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას. იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს სულ თამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა იგი ციხიდან და სწორედ პრეზიდენტის შეწყალებით მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს" ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×