რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში სასტიკი წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. 35 წლის უტეხმა სერჟანტმა საქართველოს ღირსების დაცვის სანაცვლოდ ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღო. არჩილ ტატუნაშვილის გვამი 26 დღის შემდეგ გადასცეს ოჯახს, რომელმაც ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მიაბარა.

რუსუდან ტატუნაშვილი, არჩილის დედა: - აჩიკოს ხან ვაქებ, ხან ვსაყვედურობ, რატომ თავი არ გადაირჩინე-მეთქი. მერე ისევ ვამბობ, რომ მერჩივნა, ასეთი სახელი დაეტოვებინა. ისეთი იყო, ლაჩრულად არ წავიდოდა ამ ქვეყნიდან. ლამაზად იცხოვრა და ლამაზად მოკვდა.

აგვისტოს ომის შემდეგ იძულებული გავხდით, ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან წამოვსულიყავით... ომი რომ დაიწყო, აჩიკო ერაყში იყო სამშვიდობო მისიით. 11 აგვისტოს ჩამოიყვანეს. ღამის 4 საათზე მეგობართან ერთად სახლში მოვიდა, თან თვიანთი იარაღი მოიტანეს. მეორე დღეს დაურეკეს, მოდით, იარაღი ჩააბარეთო. წავიდნენ თუ არა, ყანჩავეთში ჯარი შემოვიდა. წინ ოსები მოუძღოდნენ, უკან რუსები მოჰყვებოდნენ ბეტეერებით. შეიარაღებულები ჩვენს ეზოში შემოცვივდნენ - ჩემს შვილებს კითხულობდნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ დააბეზღა, რომ ჩამოვიდა და თან იარაღი ჰქონდა. სოფელი რომ დაიცალა, ჩვენ დავრჩით, თუმცა ბოლოს იძულებულები გავხდით, წამოვსულიყავით. ჯერ ავჭალაში ვცხოვრობდით, მერე აქ, წილკანში მოგვცეს კოტეჯები.

სანამ ომი დაიწყებოდა, აჩიკო ერაყიდან ორი კვირით შვებულებით ჩამოვიდა. როგორც კი ეზოში შემოვიდა, კიბესთან მდგარ თუთის ხეს ფოთოლი მოსწყვიტა, ხელზე დაიდო, აკოცა და მითხრა, დედა, ამის ფასი ქვეყნად არაფერიაო. ყანჩავეთში დაბრუნება ოცნებად დარჩა...

მის აღსასრულზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. დარწმუნებული ვიყავი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ასე მოიქცეოდა. მას ის დააბრალეს, რაც არ გაუკეთებია - თითქოს ტერორისტი იყო, პუტინის არჩევნები უნდა ჩაეშალა და საამისოდ ცხინვალში ხიდი უნდა აეფეთქებინა. ახალგორში დააკავეს. პოსტს როგორც კი გავცდებით, სოფელი მოსაბრუნია. აჩიკოს და მის მეგობარ ბიჭებს იქ მანქანით ხილ-ბოსტნეული შეჰქონდათ.

ხანდახან ყანჩავეთში გადადიოდა და ბებო-პაპასთან რჩებოდა. ყველას გვქონდა საბუთები. ჩვენც მივდიოდით ხოლმე. აჩიკოს იქ ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის - ოსებიც. 22 თებერვალს ორ მეგობართან ერთად იყო წასული­ ახალგორში - იმ დღესაც პროდუქტი შეიტანეს­ და სამივე დააკავეს. ოსებს აჩიკო შემთხვევით არ დაუკავებიათ. გურწიევმა (ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული) მეორე დღეს თქვა, ცხინვალიდან დაბეჭდილი წერილი მოვიდა, არჩილ ტატუნაშვილი - მაღალი რომ არის და შავი მანქანით შემოდის, ის დააკავეთო... მეორე დღეს გამოაცხადეს, რომ აჩიკოს გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, მერე - ცეროზი ჰქონდაო. ჯანმრთელი და მთასავით კაცი იყო, ავადმყოფს ჯარში ვინ ამსახურებდა? როცა აწამებდნენ, იქნებ მაშინ­ გაუსკდა გული ბოღმით! დადგინდა, რომ ცემით და წამებით მოკლეს. სამივე მეგობა­რი ცხინვალის იზოლატორში იჯდა, მერე ის ორი გაუშვეს. როცა მეგობრები ბორკილების გარეშე დაუნახავს, მიმხვდარა, რაც ხდებოდა და მათთვის უთქვამს, ესენი მომკლავენ და აქ მკვდარი მაინც არ დამტოვოთო.

როცა იზოლატორში შეუყვანიათ, ბიჭებს ესმოდათ აჩიკოსა და ოსების საუბარი. აჩიკოსთვის უკითხავთ, ოჯახში ვინ გყავს, ვინ და ვინ შემოდიხართ აქეთ, ომში და ჯარში ხომ იყავიო. უპასუხია, ჯარში კი, მაგრამ ომში არ ვყოფილვარო. მერე მიუტანიათ რუკა და აიძულებდნენ, სამაჩაბლოზე ეთქვა, "სამხრეთ ოსეთიაო", რაზეც აჩიკოს უთქვამს, არც ყოფილა და არც იქნებაო. მერე საქართველოს დროშა მიუტანიათ და უბრძანებიათ, ფეხით შედექიო. ამასაც არ დათანხმებულა. ამას ჩემი შვილი არასდროს გააკეთებდა! სხეულზე მთელი ადგილი არ დაუტოვეს, ყველგან წამების კვალი ჰქონდა. 26 დღე ველოდით მის ცხედარს.

კვირისპალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×